logo
ENG



"შეწყვიტეთ შიმშილობა, ჩემი მსხვერპლიც საკმარისია" - სააკაშვილის მიმართვა ყოფილ სამხედროებს

19 ოქტ 202115:52
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ყოფილ სამხედროებს - ირაკლი ფირცხალავას, რომან შამათავას და გიორგი ცააძეს, რომლებმაც მას სოლიდარობა გამოუცხადეს.

სააკაშვილის მიმართვა ენმ-ის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააცნო, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

"გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა საქართველოს ეროვნული გმირია. მინდა, კი არ გთხოვოთ, არამედ როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა სარდალმა მოგთხოვოთ - დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე", - ნათქვამია სააკაშვილის წერილში. 

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო ​კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ირაკლი ფირცხალავაც შიმშილობს. მის გარდა, რუსთავის მე-12 საპატიმროში შიმშილობს კიდევ 2 პატიმარი - გიორგი ცააძე და კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომან შამათავა. ისინი ექსპრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებენ. 

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში მე-19 დღეა შიმშილობს.


close დახურვა